პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროში - მომავალი იურისტები სამართლებრივი რეფორმების მომზადების პროცესში ერთვებიან

თარიღი: 05 თებერვალი 2014
იუსტიციის სამინისტრო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის კვლევით პრაქტიკას იწყებს. ღია კონკურსის წესით შერჩეული 12 სტუდენტი სამართლებრივი საკითხების კვლევას ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განახორციელებენ. მომავალი იურისტები რეკომენდაციებსა და დასკვნებს მოამზადებენ და შეძლებენ, ამ ფორმით ჩაერთონ სისხლის სამართლის რეფორმირების პროცესში; შეარჩევენ მათთვის საინტერესო თემებს, გააანალიზებენ აქტუალურ საკითხებს და მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სამუშაო შეხვედრებსა თუ კონფერენციებში. კვლევის პროცესში მათ იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დაეხმარებიან. ისინი ზედამხედველობას გაუწევენ სტუდენტური პრაქტიკის მიმდინარეობას და ეტაპობრივად შეაფასებენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. კვლევითი პრაქტიკის ხანგრძლივობა 6 თვეა. შესარჩევი კონკურსი კი  22 თებერვლამდე გაგრძელდება.
 
იუსტიციის სამინისტროში კვლევითი პრაქტიკის გავლის მსურველები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან. სამინისტროში მუშაობის შესაძლებლობა ათი უნივერსიტეტის 12 სტუდენტს მიეცემა. სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წარმატებული პრაქტიკისათვის სტუდენტებს კრედიტები მიენიჭებათ.
 
იუსტიციის სამინისტრომ ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლევითი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა სტუდენტებს შარშანაც მისცა. ამ აქტივობის მიზანი სტუდენტური ინიციატივის წახალისებაა. ახალგაზრდები კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ, დაგროვებული ინფორმაცია კი მათ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, რეფორმირების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ახალგაზრდების აზრი, მომავალი იურისტების შეხედულებები და დასკვნები.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და განაცხადების შევსება დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ.