საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყოფილი პატიმრები დასაქმდნენ

თარიღი: 12 თებერვალი 2014
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 4  ყოფილი პატიმარი დასაქმდა. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები, რომლებიც საჯარო რეესტრის სკანირების ცენტრში საარქივო მასალებისა და სხვადასხვა დოკუმენტის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ, დღეიდან უწყებაში ოფიციალურად დასაქმდებიან. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მათ ეს წარმატება დღეს პირადად მიულოცა.
 
“ ყოფილი  პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამა გრძელდება. დღეს გვქონდა ჩვენ შეხვედრა ყველაზე წარმატებულ ყოფილ პატიმრებთან, რომლებმაც ისწავლეს იმიტომ, რომ გვენდნენ. იმიტომ, რომ ენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს. ისწავლეს თუ როგორ უნდა დაუბრუნდნენ იმ ჩაკეტილი გარემოდან , რასაც ციხე ჰქვია, საზოგადოებას. ჩვენ გავწიეთ ახსნა-განმარტებითი დიდი სამუშაო დანაშაულის პრევენციის ცენტრში.  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ  რეაბილიტირებული ყოფილი პატიმარი ერთის მხრივ უზრუნველყოფილია, რომ  აღარასოდეს გაიხედოს ციხისკენ, მეორეს მხრივ, საზოგადოება იყოს დანაშაულისგან დაცული. დიდი მადლობა ეკუთვნის დანაშაულის პრევენციის ცენტრს, მის თვითოეულ მუშაკს, რომელიც ყოფილ პატიმრებთან ბევრ დროს ატარებს, ყოფილ მსჯავრდებულებს. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ეს ადამიანები დაასაქმა და რაც მთავარია, ენდო მათ“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა
 
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებისგან ოთხი პირი ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რეკომენდაციით შეირჩა. დასაქმებულთაგან სამი დაოჯახებულია, ერთი კი სულ ახლახან დაქორწინდა. რაც შეეხება პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ყველა მათგანი ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს, რაც ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნა იყო. სამ მათგანს  უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. დასაქმებულთა ასაკი 30-დან 44 წელია. საჯარო რეესტრში მუშაობისას მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
 
ყოფილ პატიმართა  რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა  2012 წლიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გათავისუფლებულ პირებს ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში დახმარება შესთავაზა და  მათ შანსი მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი. პროგრამას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი. პროგრამის ფარგლებში მოქმედებს მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.