ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დანაშაულის პრევენციას დაეთმობა

თარიღი: 12 თებერვალი 2014
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ რჩება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ასპექტს მოიცავს; კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციას, ტრეფიკინგის  მსხვერპლთა დაცვას, ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლას და დამნაშავის სისხლისსამართლებრივ დევნას.  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა  იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო უწყებების − სამინისტროებისა და საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. მან ღონისძიების მონაწილეებს დღის წესრიგი გააცნო და განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა − არა ტრეფიკინგთან ბრძოლის სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება, არამედ ისეთი სტატისტიკის შემუშავება, რომელიც არსებულ ვითარებას ასახავს, და ამ ვითარების გაუმჯობესება. ამ მხრივ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, იმ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რომლებიც მზად არიან, დახმარება აღმოგვიჩინონ ამ   კუთხით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება  დანაშაულის პრევენციის პროცესში საინფორმაციო კამპანიასა და საგანმანათლებლო კომპონენტზე გაამახვილა.

უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების შესახებ, რომლის მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში არსებული დეფინიციის რედაქტირება. მოქმედი რედაქცია სამართალდამცავ ორგანოებს ნორმის პრაქტიკაში გამოყენებისა  და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ტრეფიკინგად დაკვალიფიცირების პრობლემას  უქმნიდა.

შეხვედრაზე განიხილეს, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოებისათვის შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპებისა  და ტრეფიკინგთან ბრძოლის  ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის პროექტები და  საინფორმაციო სტრატეგია, რომლის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის მათთვის მისაღები ფორმითა და საშუალებით ტრეფიკინგის საფრთხეების, დანაშაულის პრევენციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.