2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო სიები ზუსტდება

თარიღი: 27 თებერვალი 2014
27 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების იდენტიფიკაცია-აღმოფხვრის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია,  საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები,  არასამთავრობო სექტორის წევრები, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. პროექტის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მონაცემების მაქსიმალურად ზუსტი დადგენაა,  რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო სიის მიმართ ნდობის გაზრდას.
 
იუსტიციის მინისტრმა პრეზენტაციის მონაწილეებს ის ღონისძიებები გააცნო, რაც საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის ტარდება.
 
„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრულწლოვანი მოქალაქეების, ამომრჩევლების ბაზები დავხვეწოთ; თუკი აღმოჩნდა, რომ არის გარკვეული გაორებები, აღმოვფხვრათ, და მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკო-ს გადავცეთ დაზუსტებული, დახვეწილი მონაცემები. იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს იმ პრინციპის დაცვა, რასაც ჰქვია „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
 
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფოტოსაძიებო სისტემის მეშვეობით მოხდება მონაცემთა ბაზაში არსებული მოქალაქის ბოლო ფოტოსურათის შედარება ამავე მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა პირების უახლეს ფოტოსურათებთან; გაორების არსებობის შემთხვევაში, სისტემა გამოავლენს მსგავს ფოტოსურათებს სხვადასხვა საიდენტიფიკაციო მონაცემით, რომელთაც საპროექტო გუნდი ინდივიდუალურად შეისწავლის; თუ დადასტურდება, რომ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო  მონაცემზე არსებული ფოტოსურათები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში, ანალოგიური ტიპის ჩანაწერები ბაზაში გასწორდება. ეს კი, თავის მხრივ, საარჩევნო სიაში ერთი ადამიანის ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემით  დაფიქსირებას უზრუნველყოფს. საარჩევნო სიაში ერთ პიროვნებაზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემის დაფიქსირებასთან ერთად გამარტივდება საარჩევნო უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლის ვინაობის შემოწმება-დადასტურება.