იუსტიციის სამინისტროს მთავარ გვერდზე ღია მმართველობა საქართველოს ბანერი განთავსდა

თარიღი: 27 თებერვალი 2014
ღია მმართველობა საქართველო საზოგადოების ინფორმირებას მიმდინარე პროცესების შესახებ ონლაინკონსულტაციის ფორმით იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მთავარ გვერდზე ღია მმართველობა საქართველოს ბანერი განთავსდა ღია მმართველობისა და საქართველოს 2012-2013 წლების, ასევე, მეორე − 2014-2015 წლების, სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და განთავსებულია ღია მმართველობის ფორუმთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდზე ამოქმედდა საკონტაქტო გრაფა, რომლის დახმარებითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, ღია მმართველობა საქართველოს ელექტრონულ ფოსტაზე − ogpgeorgia@justice.gov.ge − გამოგზავნოს საკუთარი მოსაზრებები და იდეები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მთავრობა კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს საზოგადოების წინაშე.

მოქალაქეთა მოსაზრებები მხედველობაში მიიღება ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, გეგმის პირველადი პროექტი კი ფართო საზოგადოების წინაშე სადისკუსიოდ მარტის ბოლომდე გამოქვეყნდება.

ღია მმართველობა საქართველოს მეორე − 2014-2015 წლების, სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2014 წლის იანვრიდან ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს უძღვება ღია მმართველობა  საქართველოს ფორუმი, რომელშიც შედიან საჯარო დაწესებულებები, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. მთავრობის ღიაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი გეგმავს საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას და კონსულტაციების გამართვას, რათა მოქალაქეთა რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია. 

ღია მმართველობის პარტნიორობის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდაა. პარტნიორობის ინიციატორები არიან აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი. პარტნიორობა 2011 წელს დაფუძნდა და დღეისათვის 63 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო ინიციატივას ადრეულ ეტაპზე − 2011 წლის 20 სექტემბერს, შეუერთდა, 2012 წელს კი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად შემუშავებული 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობას 2014 წლის ივნისში წარედგინება.