იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში წარადგინა

თარიღი: 04 მარტი 2014
 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. თეა წულუკიანი „იუნისეფისა“  და საქართველოს მთავრობის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამებაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების კუთხით.
 
„დღეისთვის მსჯავრდებული 380 ბავშვია, საიდანაც ციხეში მხოლოდ 60 იმყოფება.  აღნიშნული მიმართულებით ციფრები გაცილებით შემცირებულია. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა „იუნისეფმა“ წარმოადგინა ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა. მათი შეფასება არის პოზიტიური, თუმცა, რჩება ბევრი ისეთი ხარვეზი, რომლებიც მომავალში უნდა გამოსწორდეს. მთავარია, რომ ჩვენი მთავრობის სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკით შედეგი უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. რაც შეეხება მართლმსაჯულების და, ზოგადად, იუსტიციის სფეროში ამ კუთხით არსებულ ვითარებას, თუ 2007-2008 წლებში მსჯავრდებული გვყავდა 1200 ბავშვი, დღეს გვყავს მხოლოდ 380, რაც არის ციფრების ძალიან მნიშვნელოვანი კლება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს, რომ არა მხოლოდ ნაკლები ბავშვი გვყავდეს ციხეში, არამედ, როცა ისინი გამოვლენ, მათ ჰქონდეთ მომავლის პერსპექტივა. ესაა რთული საქმე, მაგრამ ჩვენი მთავრობა სწრაფ ნაბიჯებს დგამს ამ კუთხით“, − განაცხადა თეა  წულუკიანმა. 
 
გაერო-ს ბავშვთა ფონდმა „იუნისეფმა“ ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „იუნისეფის“ რეგიონულმა დირექტორმა მარი-პიერ პოირიერმა გახსნა.
 
ანგარიშს ჯანდაცვის, განათლების, სასჯელაღსრულების, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრები და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ.