სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის“ პროექტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

თარიღი: 04 მარტი 2014
 4 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  „ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის“ პროექტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
 
„ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის“ პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.   პროექტის მიზანი ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა. ელექტრონული სისტემის ძირითადი დანიშნულება მუნიციპალიტეტის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მასზე დაყრდნობით სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყების მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ელექტრონულად მოპოვებისა და დოკუმენტების ელექტრონული მართვის საშუალებების შექმნაა, რაც, საბოლოო ჯამში, დაზოგავს მუნიციპალიტეტის ადამიანურ რესურსს, თანამშრომელთა დროს და  გააუმჯობესებს მოქალაქეების მომსახურების პროცესს.
           
პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გამართვას, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამულ უზრუნველყოფას. კონფერენციაზე  წარდგენილ იქნა „ACT“-ისა და „IPM“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი ცენტრების ცნობადობისა და კმაყოფილების კვლევის შედეგები.