გოჩა ლორთქიფანიძე: „განცხადების შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საარჩევნო დემოკრატიიდან ინსტიტუციური დემოკრატიის ეტაპზე გადასვლის პროცესში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას“

თარიღი: 05 მარტი 2014
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატები დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმას, რომელსაც საქართველოს მთავრობა და, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები აღიარებენ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.  
 
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის დაწყებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ გეგმის წარმატებულად განხორციელება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასა და განხორციელებასთან ერთად ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის, მათ შორის, უმცირესობათა წარმომადგენლების, სამართლებრივ დაცვას, დაეხმარება ქვეყანას საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასა და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად აუცილებელი ორიენტირების მიღწევაში. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მხარეები ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას აღიარებენ.
 
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია იმ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და ყოვლისმომცველი საკითხების პრიორიტეტებს აყალიბებს. კომისია 4 ორმხრივი სამუშაო ჯგუფისგან შედგება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა. აღნიშნული ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს 2014 წლის ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ  პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობასაც:
 
„როგორც კომისიის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ვისაუბრე მართლმსაჯულების, მოზარდების მართლმსაჯულების, შრომის კოდექსის მეორე ეტაპის რეფორმებზე, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რამდენადაც საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში სწორედ სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის წარმატებულ რეფორმას ეფუძნება. აშშ-საქართველოს ამ ერთობლივი განცხადების შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საარჩევნო დემოკრატიიდან ინსტიტუციური დემოკრატიის ეტაპზე გადასვლის პროცესში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას“.
 
ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაცემას, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, რომელიც, ასევე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.