აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იუსტიციის მინისტრის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს

თარიღი: 20 მარტი 2014
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდასაჭერად მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, ქალთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გახსნეს.
 
აშს-ს ელჩმა პოლიტიკაში ქალის როლზე ისაუბრა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.
 
„რასაც თეა წულუკიანი აკეთებს იუსტიციის სფეროს რეფორმირებისათვის, ეს უნიკალური წვლილია. მან  განსაკუთრებული როლი შეასრულა არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში. გთხოვთ, ტაშით შევეგებოთ მის საქმიანობას საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, − განაცხადა რიჩარდ ნორლადმა. აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკის საელჩო უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს ქალთა როლის ზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფას.
 
ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის ემზადებიან, საკუთარი გამოცდილება იუსტიციის მინისტრმაც გაუზიარა. თეა წულუკიანის განცხადებით, მან კარგად იცის, თუ რა სიძნელეები ახლავს ქალის საქმიანობას ქართულ პოლიტიკაში. იუსტიციის მინისტრმა, როგორც „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის“ თავმჯდომარემ, მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველყოს კონკურენტული გარემო მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისათვის და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესში ჩაბმული ყველა კანდიდატის, განსაკუთრებით კი, ქალი კანდიდატების უფლებების დაცვას.
 
მრგვალი მაგიდა თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდასაჭერად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.