ჰააგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე იქნება

თარიღი: 20 მარტი 2020

91 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი − საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა დაამტკიცა. საქართველომ ლორთქიფანიძის კანდიდატურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 30 მარტამდე უნდა წარუდგინოს.
 
ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევისთვის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, კანდიდატებს კონკურსის გავლა და საარჩევნო კამპანიის წარმოება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოუწევთ, საბოლოოდ კი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალი მოსამართლეები 2020 წლის დეკემბერში აირჩევიან.
 
კანდიდატი ეროვნულ დონეზე შეირჩა მაღალი სტანდარტის პროცედურების დაცვით:
 
  • შერჩევის პროცედურა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის დადგენილებით და იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი;
  • შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდა ჰააგის სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) მოთხოვნებს;
  • კონკურსის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ოფიციალური კორესპონდენცია დაეგზავნა მთლიან სასამართლო სისტემას, ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • კანდიდატის კვალიფიკაცია შეაფასეს ჰააგის სასამართლოს ყოფილმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა − ყოფილმა მოსამართლე ეკატერინა ტრენდაფილოვამ და ყოფილმა განმწესრიგებელმა ჰერმან ვან ჰებელმა;
  • კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და რომის სტატუტის მოთხოვნებთან შესაბამისობა მთავრობის წარდგინებით შეაფასა საქართველოს პარლამენტმა;
  • კანდიდატს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ და საბოლოოდ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის ხმებით − დეპუტატების 3/5-ის უმრავლესობით − დამტკიცდა გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა;
  • კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ იურიდიული პროფესიული და აკადემიური წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჰააგის სასამართლოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო.
 
აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატის შესარჩევი პროცედურა, საქართველოს გარდა, ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, რაც საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის საერთაშორისო დონეზე წარმატების საფუძველს იძლევა.
 
ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით წარადგენს,  ვინაიდან წელს უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება.
 
 
გოჩა ლორთქიფანიძის ბიოგრაფია მოკლედ:
 
  • ფორდამის სამართლის სკოლა, ნიუ-იორკი, აშშ (2011-2013 წწ. დოქტორის ხარისხის მაძიებელი);
  • ჰარვარდის სამართლის სკოლა, კემბრიჯი, აშშ (2003-2004 წწ. საერთაშორისო სამართლებრივი მეცნიერებების მაგისტრი);
  • ესექსის უნივერსიტეტი, ქოლჩესტერი, გაერთიანებული სამეფო (1994-1995წწ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი);
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი (1985-1991 წწ. სამართალმცოდნეობის სპეციალისტი);
  • კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ნიუ-იორკი (2007-2008     წწ.            ფულბრაიტის მიწვეული მეცნიერი);
  • კოლუმბიის უნივერსიტეტის საგარეო და საჯარო საქმეთა სკოლა, ნიუ-იორკი (2009-2013 წწ. ადიუნქტ-პროფესორი, აკადემიური მრჩეველი);
  •  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (1992-1999 წწ. მეორე მდივანი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო; გაერო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი);
  • 2018 წლიდან დღემდე − სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)     დაზარალებულთა ფონდში დირექტორთა საბჭოს წევრი აღმოსავლეთ ევროპიდან;
  • 2012 წლიდან დღემდე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.