ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ

თარიღი: 30 მარტი 2020
ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ


„ვირუსის გავრცელება გადავიდა ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს საპატიმროებიც გადადიან მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეულ იქნა 780 თანამშრომელი, რომლებიც გუშინ გამოცხადდნენ საპატიმროებში სამსახურის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, პერიმეტრის შიგნით, და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ამ ტერიტორიების დატოვების გარეშე, რათა არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით. ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში, მე მინდა, ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ.  დაახლოებით, 400 ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც ამგვარი  განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა დაკომპენსირდეს. ასევე, მადლობა მინდა, ვუთხრა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ ორ დღეში წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის.

პატიმრებს მინდა, მივმართო, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვთხოვო მათ, რომ მოუფრთხილდნენ ამ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, პატივი სცენ მათ და თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდა დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღით მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას“.