შშმ პირთა შესახებ კანონი გამოქვეყნებულია – საქართველოს პირველად აქვს კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის

თარიღი: 28 ივლისი 2020

 
შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით, სამთავრობო უწყებებთან ერთად, გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და  იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რაც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება. 
 
საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი, პირველ რიგში,  სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის.
 
დღეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი კანონი ჩაანაცვლებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონს. ეს უკანასკნელი, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებულია და აღარ პასუხობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს; ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები კი, რეალურად, ვეღარ მოქმედებს.
 
ახალი კანონის პროექტის წერისას განხორციელებული კვლევის მიხედვით, ის 150 000-მდე პირს უნდა შეეხოს. ეს მოწმობს როგორც რეფორმის მწვავე აუცილებლობას, რომელიც დღემდე იდგა ქვეყნის წინაშე, ისე რეფორმის მასშტაბსა და მნიშვნელობას.
 
ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, კანონით შემდეგი ძირითადი სიახლეებია გათვალისწინებული:
 
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც;
 
 
  • კანონს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება აქვს;
  • სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი;
  • კანონი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში, სერვისის გაცემის დაწყება კი, დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე;
  • მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრებათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს;
  • კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სერვისების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს;
  • კანონს შემოაქვს „გონივრული მისადაგების“ პრინციპის ცნება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.
 
კანონპროექტის შემუშავების პროცესი ბევრჯერ იყო ჩიხში შესული, თუმცა, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა  სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში გაცოცხლება. სამუშაო ჯგუფმა კანონპროექტის შემუშავებისას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა, რომლებიც შშმ  პირებს წარმოადგენენ.
 
აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
 
2017 წელს სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად მოცემული პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა. მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და მთავრობის შემადგენლობასთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.