ფოთის იუსტიციის სახლში ფოთის თეატრმა სპექტაკლი ითამაშა

თარიღი: 09 სექტემბერი 2020
ფოთის იუსტიციის სახლში ფოთის თეატრმა სპექტაკლი ითამაშა. თეატრმა იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით რეჟისორ პაატა ციკოლიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია „ხრამუნა“  წარმოადგინა. ღონისძიებას სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე ესწრებოდა.
 
იუსტიციის სახლი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა საკუთარ შენობაში, იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში მისცა. თანამედროვე არქიტექტურის და დიზაინის მქონე ფოთის იუსტიციის სახლი 2015 წელს გაიხსნა, მისი შიდა ინტერიერი კი, სართულებზე არსებული იარუსებით, სპექტაკლის გასამართად შესანიშნავი გარემო გამოდგა.
 
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივითა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რამაზ იოსელიანის ძალისხმევით, იუსტიციის სახლის 50-მდე თანამშრომელმა სპექტაკლი სრულიად უსასყიდლოდ ნახა, რაც უმნიშვნელოვანეს მიზანს – ფოთის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერას და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების პოპულარიზაციას ემსახურება.
 
ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობაში ამჟამად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თეატრის დასი დროს არ კარგავს და მაყურებლის საყვარელ სპექტაკლებს ხშირად ღია ცის ქვეშ თამაშობს. ფოთის თეატრის ეს წამოწყება იუსტიციის სახლისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდა,  მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თანამშრომლებისთვის სახალისო, კომედიური ჟანრის სპექტაკლზე დასწრებისა და განტვირთვის შესაძლებლობა მიეცა.
 
იასმინა რეზას ნაწარმოების ადაპტირებული ტექსტის ავტორი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი პაატა ციკოლიაა, პერსონაჟებს კი, განასახირებდნენ მსახიობები: გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია და ჯანო იზორია.