​„Economist Intelligence Unit“-ის ექსპერტიზის თანახმად, საქართველო კორუფციისაგან თავისუფლებით ევროპაში მე-11 ადგილზეა

თარიღი: 06 ოქტომბერი 2020
2020 წლის 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი მოკვლევა გამოაქვეყნა.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ შეფასებაში მსოფლიო ბანკი დაეყრდნო სხვადასხვა მასშტაბურ კვლევასა და კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია „Economist Intelligence Unit“-ის ექსპერტიზა, რომელმაც   საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით შეაფასა. კერძოდ, მისი ექსპერტიზა  და საერთაშორისო რეიტინგი მიეძღვნა საჯარო სექტორს − „საჯარო სექტორის თავისუფლება კორუფციისაგან“,  სადაც საქართველომ თავისი  ისტორიული მაქსიმუმი ამჯერადაც გაიმეორა და ზედიზედ მესამედ შეფასების 100%-ანი სკალიდან 75% აიღო, რაც 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლების დონეს და 25 პროცენტული პუნქტით − სამი წლის წინანდელ მაჩვენებელს.

„Economist Intelligence Unit“-ის ექსპერტიზის თანახმად,  საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 183 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-20 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი − მე-11 პოზიციაზე.

საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა.

ამასთან, საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა: აშშ, იაპონია, დანია, საფრანგეთი, ისლანდია,  ავსტრია, ბელგია, ირლანდია, სლოვაკეთი, სლოვენია,   ლატვია  და ა.შ.

გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მაგ.: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ − 33 ). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ მიიღება ახალი ერთიანი მაჩვენებლები.