გოჩა ლორთქიფანიძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

თარიღი: 12 ოქტომბერი 2020
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ნატალია ვუტოვას შეხვდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ნატალია ვუტოვას საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

გოჩა ლორთქიფანიძემ სტუმარს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ისეთი რეფორმების შედეგებს, როგორიცაა – მართლმსაჯულების სიტემის, ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პროკურატურის, კარგი მმართველობის, პენიტენციური სისტემის რეფორმები, გრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება კი, მის შედეგებს საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშებში ასახავს, სადაც ქვეყნის პოზიციები განუხრელად უმჯობესდება.

გოჩა ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით როლსა და იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრების მნიშვნელოვანი კლების მიმართულებით შეინიშნება.

გოჩა ლორთქიფანიძემ ნატალია ვუტოვას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში პენიტენციური სისტემი მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს ახალი პროექტი, რომლის მიზანი პატიმრების უფლებების დაცვისა და მათი ჯანდაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, კიდევ უფრო გააძლიერებს უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთი სარაჯიშვილი.