თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მერვე სხდომა გამართა

თარიღი: 13 ოქტომბერი 2020
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მერვე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები; ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
კომისიის სხდომაზე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 19 პარტიის წარმომადგენლები (როგორც ეს კომისიის დებულებით და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული), ასევე, მოთხოვნის საფუძველზე მოწვევა გაეგზავნა დამატებით კიდევ 4 პარტიას. სხდომაზე დასასწრებად მოწვევა გაეგზავნათ 28 ადგილობრივი არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
 
 
ღონისძიებაზე იმსჯელეს შესაძლო საარჩევნო დარღვევებზე, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი და მოისმინეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათზე რეაგირების თაობაზე. უწყებათაშორისი კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის უწყებებს, რაც საშუალებას აძლევს სხდომის მონაწილეებს, შესაძლო დარღვევებთან ერთად, მათზე რეაგირების შესახებაც მოისმინონ.
 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით შეიქმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
 
კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები აწვდიან.