იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ახალ მინისტრთა კაბინეტში გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს

თარიღი: 25 დეკემბერი 2020
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. ახალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს გოჩა ლორთქიფანიძე იკავებს.

 
გოჩა ლორთქიფანიძე არის სამართლის პროფესორი. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი იურისტ-სამართალმცოდნის სპეციალობით. 1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების სამართალში, ხოლო 2004 წელს - ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2011-2014 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე ფორდამის უნივერსიტეტში (აშშ).
1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, იყო გაერო-ს სამმართველოს უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და გაერო-თან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სამართლებრივი მრჩეველი.

 
2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.

 
2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ქ. ნიუ-იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში - ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი, ასწავლიდა ადამიანის უფლებებს, მიჰყავდა აკადემიური პროგრამები იძულებით გადაადგილებული პირების და ქალთა უფლებების შესახებ.

 
2012 წლის 19 ნოემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და მოწვეული ლექტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

 
არის ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის, ვენეციის კომისიისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრი.
2020 წლის დეკემბერში არჩეულ იქნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ.