თარიღი: 24.09.2024

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) დელეგაციას შეხვდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სახელმწიფო მუდმივად ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის ღონისძიებებს. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით იკავებს მოწინავე პოზიციებს.

კერძოდ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს სკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საერთაშორისო ორგანიზაციამ - „Walk Free Foundation“, რომელიც მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, ბოლო, 2023 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს, 160 ქვეყანას შორის, მე-14 ადგილი მიაკუთვნა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მხედველობაში იქნება მიღებული GRETA-ს რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ GRETA-ს დელეგაცია საქართველოს მეოთხედ სტუმრობს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ძირითადი ფუნქციაა, შეაფასოს, თუ როგორ ასრულებენ სახელმწიფოები „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციით აღებულ ვალდებულებებს.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, შეხვდება სხვა სამთავრობო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატს, სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.