თარიღი: 19.02.2024

საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის გაფართოების მომავალი: სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ ხორვატიის იუსტიციის და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით იმართება. მასში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.

ღონისძიების მიზანი კანდიდატი ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხორვატიის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. ამგვარ პლატფორმებში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ევროინტეგრაციის პროცესში სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების მიზნით გატარებული წარმატებული რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასა და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ განსახილველი საქმეების ისტორიულ მინიმუმზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამისათვის უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, აღრმავებს დარგობრივ თანამშრომლობას, ნერგავს ორმხრივი სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკას, ეცნობა დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებას და უზიარებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ.