თარიღი: 19.09.2024

ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ეროვნული და საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარებას; გამოკვეთოს დარგის განვითარებაში დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა როლი და მნიშვნელობა; აჩვენოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის თანამედროვე მეთოდები.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა გახსნა. ღონისძიება პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა და ადმინისტრაციული სამართლის, სამართლის ისტორიის და სამართლის მეთოდების, კერძო სამართლის, კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია; მისი მოადგილე, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე; აგრეთვე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დოქტორანტები, მათ შორის, უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებიდან.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ყოველწლიურად გაიმართება, რაც შესაძლებლობას შექმნის ინტენსიური საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობისათვის.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც უწყება სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს. მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრო 17 გამარჯვებულ პროექტს აფინანსებს.