თარიღი: 27.09.2024

იუსტიციის სახლი პირველი საჯარო უწყებაა, რომელიც ბიზნესს მომსახურებას საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით მიაწვდის.

„ბიზნესასისტენტი“ სპეციალურად ბიზნესსექტორის წარმომადგენელთათვის შექმნილი პროდუქტია და საქმიან წრეებს სახელმწიფო სერვისებზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს.

მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და მასში საქართველოში მოქმედი 13 მსხვილი კომპანია იყო ჩართული, დღეს კი, კონცეფცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააცნო.

პროექტი „ბიზნესასისტენტი“ იუსტიციის სამინისტროს ახალი კონცეფციაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.

მომსახურება 5 განსხვავებულ, სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ პაკეტს მოიცავს.

2012-2024 წლებში იუსტიციის სახლების ფილიალების რაოდენობა 12-დან 121-მდე გაიზარდა. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა. 2024 წელს სერვისების რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. 2021 წლიდან „მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით იუსტიციის სახლის სერვისების ხელმისაწვდომობამ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. სერვისების ხელმისაწვდომობა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სიახლეების დანერგვისა და გაფართოების კუთხით მუშაობა გამუდმებით მიმდინარეობს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.