ცხელი ხაზი2 405 505

უახლესი ვიდეოები

24.09.2022
გაზიარება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულებისა და აგვისტოს ომის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე განიხილა - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)” (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“) და “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. „ომის საქმე“) საქმეების აღსრულების პროცესი და შუალედური რეზოლუცია/გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ დოკუმენტებში მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების უპირობო ვალდებულება.

აქვე საგულისხმოა, რომ მინისტრთა კომიტეტმა სრული შემადგენლობით გამოუცხადა მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავების იდეას, რაც შუალედური რეზოლუციის ტექსტშიც აისახა.

კომიტეტის სამდივნოს დაევალა წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმეების აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.

ე.წ. „დეპორტირებულების საქმესთან“ დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა - 10,000,000 ევრო.

მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს.
რაც შეეხება ე.წ. „ომის საქმეს“, მინისტრთა კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, კვლავ არ აძლევს იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას მათ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას და მოუწოდა რუსეთს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები აღნიშნული მიმართულებით.

ამასთან, კომიტეტმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევების სიმძიმესა და მასშტაბურობას და მკაცრად მოუწოდა რუსეთს, უმოკლეს ვადაში დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღმოიფხვრას დარღვევების ძირითადი საფუძველი და აღდგეს პირველადი მდგომარეობა, რაც, თავისი არსით, ქვეყნის დეოკუპაციას გულისხმობს.

კომიტეტი ზემოხსენებული საქმეების განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.