თარიღი: 09.12.2022

შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო მიგრაციის განხილვის პირველი ფორუმისა და მისი პროგრესანგარიშის განხილვა.

გაერო-ს მიგრაციის ქსელის თანათავმჯდომარეების − საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის (IOM), ასევე, IOM-ის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში წარმოდგენილი გაერო-ს სხვა სააგენტოების, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მასპინძლებთან ერთად, შეხვედრა გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მიგრაციის გლობალურ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეებზე მართვის სფეროში პარტნიორობის, კოორდინირებული ქმედების და საერთო სამთავრობო მიდგომის მნიშვნელობას, რამაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასა და მის ბაზაზე სფეროს მართვის მექანიზმების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

იუსტიციის სამინისტროდან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში და სააგენტოს წარმომადგენელი ანა წულაძე.