თარიღი: 22.03.2024

პროექტი „ერუდიციის (ინტელექტის განვითარების) კურსი“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიმართულება ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაა. პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა, ხოლო კურსს გიორგი გოგელია გაუძღვება.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სალექციო კურსის ფარგლებში გაეცნობიან კლასიკური ლიტერატურის სპეციალურად შერჩეულ ნაწარმოებებს და გააანალიზებენ მათ დისკუსიის ფორმატში; შეისწავლიან იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების საქმეში; გაეცნობიან ზოგიერთი სახელმწიფოს კულტურის ისტორიას.

პროექტის მიზანია მსმენელთათვის (მსჯავრდებულებისთვის) ინტელექტუალური დონის მკვეთრად მომატება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, არგუმენტირებულად საუბრის უნარების გაუმჯობესება, მიღებული ცოდნის გადმოცემისა და პოლემიკა-დისკუსიის კულტურის განვითარება.

იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.