ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 19 აპრილი , 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.

გაზიარება
ბეჭდვა

ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და "ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა

იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას სასჯელის მოხდის ადგილზე ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რატი ბრეგაძემ იუსტიციის სახლისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა.

დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტიც“ ამოქმედდა, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების მუშაობა ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. იუსტიციის სახლების ფილიალების საშუალებით მსჯავრდებულებისათვის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი.

იუსტიციის სახლის ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც ემსახურება.

დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა.

იუსტიციის სახლები და პროექტი “ციფრული უნივერსტეტი” ეტაპობრივად სხვა პენიტენციურ დაწესებულებებსაც მოიცავს.