ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 16 თებერვალი , 2024
გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება.

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს.

„PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი.

საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

აღინიშნა, რომ სასესიო ფორმატის ფარგლებში მხარეებმა არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოჭრეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სახელმწიფო სისტემების განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების დახვეწას და, აგრეთვე, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების პროცესის წარმატებას.

ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად იმართება. პირველად ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა და მას თბილისმა უმასპინძლა.

ფორუმის მიზანი ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებაა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.