ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 03 ნოემბერი , 2023
გაზიარება

სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა

თბილისში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა.

სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა.

სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება.

ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.

ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, სისტემის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნით დასრულდა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებულ ინოვაციებს მიეძღვნა.

კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლიეტუვის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო

ბუბა ლომუაშვილმა ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან განიხილა ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და ლიეტუვის პრობაციის სამსახურის უფროსი რომას ოსტანავიჩიუსი.

დელეგაციის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ესტუმრნენ, სადაც „PROBBOX“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში სამუშაო შეხვედრა გამართა

რატი ბრეგაძე გაეცნო იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპების თანამშრომელთა ინიციატივებსა და საჭიროებებს, ინფორმაცია მიიღო არსებულ გამოწვევებზე და განიხილა მათზე რეაგირების გზები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის დიალოგი ხელს უწყობს პრობლემებზე სწრაფ რეაგირებასა და, შესაბამისად, რეგიონული ოფისების გამართულ ფუნქციონირებას.

ქუთაისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლობჯანიძე, აგრეთვე იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ნოტარიუსები.