ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 05 მარტი , 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიებაზე მიგრაციის პროცესების მართვაში ქალების როლზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის როლსა და მიგრაციის მართვაში ქალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოლო პერიოდში განხორციელებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები ამის ნათელი დადასტურებაა. ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო გენდერულ თანასწორობას მის კომპეტენციაში შემავალ ყველა სფეროში უზრუნველყოფს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ქალების 47% უძრავი ქონების მესაკუთრეა. თამარ ტყეშელაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს საერთოსახელმწიფოებრივ მიდგომასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

2022-2023 წლებში რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში 1857 მიგრანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან 63%-ს ქალები წარმოადგენენ. 542 ბენეფიციარი იღებს ფინანსურ დახმარებას, საიდანაც 61%, ასევე, ქალია. ამასთან, ქალები წარმოადგენენ 84%-ს იმ ბენეფიციარებისა, ვინც ფინანსდება კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების კომპონენტში; 60% ქალებისა წარმოადგენენ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ჩართული არიან თვითდასაქმებისა და სამუშაო ადგილის შექმნის ხელშემწყობ ფინანსური დახმარების პროგრამებში.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიგრანტების დაბრუნება და რეინტეგრაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად მოქმედებს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას. საგულისხმოა, რომ ამ პროგრამის განხორციელებაში მიგრანტები თავად არიან ჩართული.

გამოსვლის ბოლოს თამარ ტყეშელაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას დისკუსიის, მიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის საკითში მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გაერო-სა და ევროკავშირს მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერაში, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი როლი აქვს მიგრაციის პოლიტიკის მართვაში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ კურმანკულ ზულუშევს შეხვდა

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

უწყება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების, მათ შორის, ექსტრადიციის და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მიმართულებით.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ასევე, თანამედროვე სტანდარტების საპასუხო პენიტენციური სისტემისა და ციხის ალტერნატიული სასჯელების განვითარება, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

რატი ბრეგაძემ კურმანკულ ზულუშევთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს დიგიტალიზაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ყირგიზეთისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სამართლის აღსრულების, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ინოვაციების კუთხით.

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და გაეცნობა ქართულ ტექნოლოგიურ ინოვაცია „ProbBox”-ს, რომელიც პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ იურისტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბექა ძამაშვილმა და ბრიტანელმა ადვოკატებმა ისაუბრეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

ქართულმა მხარემ აღნიშნა დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: არბიტრაჟის სისტემის განვითარება და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა უცხო ქვეყნის სასამართლოებსა და არბიტრაჟებში, აგრეთვე, სამართლებრივი აქტის, კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიული ექსპერტიზა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ინგლისური სამართლის პოპულარიზაციისა და იურისტებს შორის პრეცედენტული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი.