ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
გაზიარება

თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

იუსტიციის მინისტრი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა. მინისტრმა ლი ჯუნჰუას მადლობა გადაუხადა მაღალი დონის ფორუმის ორგანიზების საკითხებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ თბილისი იქცა გლობალური დისკუსიის პლატფორმად ინოვაციებსა და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ.

წლევანდელი ფორუმის თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ სრულად ეხმიანება საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, რაც მოიცავს საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციას უფრო ეფექტიანი, ინკლუზიური და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველსაყოფად.

მინისტრმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ფორუმის მონაწილე სხვა ქვეყნებთან.

შეხვედრების ბოლოს პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა საერთო ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით კიდევ მეტ შესაძლებლობებს გააჩენს. მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, პარტნიორ ქვეყნებს გაუზიაროს უნიკალური გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი, მათ შორის, ციფრული და დისტანციური სერვისების მიწოდების სისტემის განვითარების მიმართულებით.

პაატა სალიამ აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და ხაზი გაუსვა ციფრული მმართველობის როლს სახელმწიფოსა და მოქალაქის სწრაფი და მეტად ეფექტური თანამშრომლობისათვის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.