ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

კვირა, 21 მაისი, 2023
გაზიარება

თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენაში“ ტრენინგი ჩატარდა

2023 წლის 20-21 მაისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით, ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის თემაზე, რომლის სამიზნე აუდიტორიას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენდა.

ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის დანაშაულის მსხვერპლებისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და მათთვის დამახასიათებელ ფიზიკურ დაზიანებებზე, ასევე, მსხვერპლებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების 25-მა წარმომადგენელმა.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობის, მათ შორის, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიების განხორციელება არის დაგეგმილი.

ტრეინინგი პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ახორციელებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.