ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 07 მაისი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ნიუ-იორკში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გაერო-ს მიერ ორგანიზებულ მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ოპერაციების საკითხებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე უგოჩი დენიელსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის იყო საქართველოს საიმედო პარტნიორი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

გიორგი დგებუაძემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში.

აღინიშნა, რომ 2020 წელს საქართველომ მიიღო 2021-2030 წლების ყოვლისმომცველი მიგრაციის სტრატეგია; 2025 წელს კი ქვეყანამ მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტის მიღებით განახორციელა მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომლის მიზანიც ეროვნული მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის გაძლიერებაა.

ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო

საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერაა.

უწყებათშორის შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგლამენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები, რომლებიც მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, კოორდინატორმა უწყებამ - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი რეგულაციები სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს დაადგენს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, რაც გამორიცხავს დუბლირებას და დაზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და მარტივად გაზიარდება ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.

რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. ამ პროცესში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე უკვე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია 30-მდე უწყების 160-ზე მეტი მეტამონაცემი.

ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები სახელმწიფო და კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბიზნესის დასაგეგმად, ისე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე პალატის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ წესდების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ნოტარიუსებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.

წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, პალატას წარუდგინოს განცხადება და სამოქმედო პროგრამა. განხილვის შედეგად, წესდებაში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

რიგგარეშე კრებაზე, პალატის წესდებაში შესატან ცვლილებებთან ერთად, ნოტარიუსებმა ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდება. გამგეობაში თითო წევრი წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, თითო წევრი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან და 3 წევრი - თბილისში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

კრებას ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.