ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი

დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა: ციფრული მმართველობის განხორციელების პოლიტიკა და სერვისების განვითარება.

ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებამდე იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით არის ყველა იმ რეფორმის ქვაკუთხედი, რომელთაც ახორციელებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ისე იუსტიციის სისტემაში ჩართული სხვა ინსტიტუციები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ციფრული ინსტრუმენტების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით იუსტიციის სამინისტრო, როგორც საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყება, ერთი ფანჯრის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი სერვისის მიწოდებას ახორციელებს.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების დიგიტალიზაციაზე მუშაობის გაგრძელებაა, პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში. ევროკავშირში გაწევრების გზაზე დარგობრივი თანამშრომლობის ახალი სფეროების გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაფორმდა საქართველო-პორტუგალიის მემორანდუმი; დაგეგმილია შეხვედრა იუსტიციის ცენტრში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.