ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 18 ნოემბერი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ლუქსემბურგის გლობალური ფორუმის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს ხვდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი OECD-ისა და ლუქსემბურგის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით იმართება და ეძღვნება ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემო, დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობა და მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-დან გამომდინარე გლობალური კრიზისი, ციფრული ტრანსფორმაცია და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდების დიგიტალიზაციის მინისტრს შეხვდა. რატი ბრეგაძემ ალექსანდრა ვან ჰუფელენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების განვითარება და ციფრული მმართველობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა, ერთი მხრივ, გაუზიაროს პარტნიორებს წარმატებული ქართული მოდელი, მეორე მხრივ კი, დანერგოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

გლობალური ფორუმის დასრულებამდე რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხებზე, შეხვედრებს სხვა კოლეგებთანაც გამართავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.