ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 15 ივნისი, 2023
გაზიარება

ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 30-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.


საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ლუქსემბურგის, გვერდითაა.


ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულმა სახელმძღვანელო დოკუმენტებმა, რომლებიც
  • მსხვერპლთა იდენტიფიკაციის პროცესს ეხმარება;
  • ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამ;
  • დანაშაულის პრევენციის, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებმა;
  • დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართულმა პროაქტიულმა ღონისძიებებმა;
  • შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის მექანიზმების დახვეწამ.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.