ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი, 2023
გაზიარება

თბილისი პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ერთობლივი ფორუმის იდეა შარშან ოქტომბერში ჩეხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ფორუმის მიზანი ქართულ-ჩეხური სამართლის სისტემების კიდევ უფრო დაახლოება და ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და ევროპული პერსპექტივის კონტექსტში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. ფორუმში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლის დარგის ექსპერტები მონაწილეობენ;

განიხილავენ ქართული და ჩეხური სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საქმიანობის მოდელებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის დეკლარაციის გაფორმების შემდეგ, რომელსაც რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გასულ წელს მოაწერეს ხელი.

პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი 6 ოქტომბერს დასრულდება, 2024 წელს კი, ღონისძიება პრაღაში გაიმართება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების (CCPCJ) 34-ე სესიაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის (CCPCJ) 34-ე სესიის ფარგლებში კომისიის საქმიანობის სფეროს არსებითი საკითხების განხილვაში.

სესიის ფარგლებში განიხილეს, მათ შორის, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები; ასევე, სახელმწიფოთა მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის საკითხებზე კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტების აღსრულების ტენდენციები. დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომისიის ფარგლებში შემუშავებულია გაეროს სტანდარტებისა და ნორმების სახელმძღვანელო ინსტრუმენტები, რომლებიც აერთიანებს სისხლის სამართლის სფეროს არსებით საკითხებს.

კომისიამ იმსჯელა გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოების შინაარსობრივ და ორგანიზაციულ საკითხებზე. კონგრესი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის სფეროში გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანია ცოდნის, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიების შემუშავება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტების განსაზღვრა.

სესიას, ასევე, ესწრებოდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ეფექტიან და კონსტრუქციულ თანამშრომლობას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე ინარჩუნებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების მკვეთრი კლებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პოზიტიურ დინამიკაზე.

პაატა სალიამ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მატიას გიომარს მადლობა გადაუხადა მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვებისთვის.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია და სასამართლოს განმწესრიგებლის მოადგილე აბელ კამპოსი.