ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები განიხილა

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეფასება და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა.

დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილსა და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ნიკოლაიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრისას დადებითად შეფასდა ევროკავშირის მე-11 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ ქართულ ენაზე ითარგმნება საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი სტრასბურგის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება და სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილი მნიშნელოვანი პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით, აგრეთვე, დადებითად აღინიშნა, რომ 2022 წლიდან ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს მიმართ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოთაშორის დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხებს და მათ მნიშვნელობას დაზარალებულებისა და ქართული საზოგადოებისათვის.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ჩართულ ყველა შესაბამის უწყებასთან, მათ შორის, გენერალურ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, საქართველოს პარლამენტთან, უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან. აღნიშნული შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციითა და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.