ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
გაზიარება

თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიხსნა

თბილისი საჯარო სერვისების გაეროს-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.

ფორუმი „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.

მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის.

პაატა სალიამ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც ტექნოლოგიური პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე სახელმწიფო სერვისების მიმართ ჩნდება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ახალი ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესის წარმატებისათვის.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფორუმის ორგანიზებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრს სპეციალური სიგელი გადასცა.

ფორუმი თემატური სესიების ფორმატში სამი დღის განმავლობაში იმუშავებს. მისი მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ღონისძიება სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებული საუკეთესო ინოვაციური პროექტების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუასა უცხოური დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.