ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 25 თებერვალი, 2023
გაზიარება

საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“, რომელსაც უძღვებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი.

მომხსენებლებმა საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ოკუპაციის შედეგებსა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რთულ და წარმატებულ ბრძოლას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგსა და ჰააგაში აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სხვა საკითხებთან ერთად, სტუდენტებს, ასევე, განემარტათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის იმ ფაქტებს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ადასტურებენ რუსეთის მიერ ოკუპაციას.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის ფარგლებშიც მომხსენებლებმა უპასუხეს სტუდენტების კითხვებს და მოისმინეს მათი მოსაზრებები.

საზოგადოებასთან პირისპირ კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო ლექციების ციკლი 2022 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.