ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 26 აპრილი, 2022
გაზიარება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება

77 ხმა ნულის წინააღმდეგ – „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 65 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება, არაუმეტეს 5 წლის ვადით გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლება.

განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.