ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023
გაზიარება

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს.


ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტური მომსახურებისა და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული.

სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე 14 წლამდე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს, ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ციფრულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება და 500-მდე მაღალი დონის სტუმარსა და დარგის ექსპერტს უმასპინძლებს.

საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ საჯარო მომსახურებების რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდოზე სამ ინოვაციურ პროექტს წარადგენს: იუსტიციის სახლებს, ProbBox-ს და Re-Market-ს. პაატა სალიას განცხადებით, ამ ინოვაციების მიზანი მოქალაქეებისთვის ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას საჯარო მმართველობის რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.