სიახლეები

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო
იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო. პაატა სალიამ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულაცია; სამართლის ახალი დარგების – ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტსამართლის, სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმების განვითარების მნიშვნელობა და სხვ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ნაშრომი ხელოვნური ინტელექტის იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვის საკითხებს ეხება და მას წინ უძღოდა ონლაინ ლექციების კურსი „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng