ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 05 ნოემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული“

„კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში – ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოსდა იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ამასთან დაკავშირებით სთხოვა მას იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომ მოსულიყო და მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ასევე, შემდგომში ვიხილეთ, რომ საუბარი იყო თითქოსდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე და თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა – ერთხელ და სამუდამოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი. ყოველდღე ვრცელდება მსგავსი სახის ტყუილები. გავრცელდება ტყუილი – მუდამ ვპასუხობთ საზოგადოებას სიმართლით. ჩვენ მათ კი არ ვპასუხობთ, ჩვენ ძვირფას საზოგადოებას ვპასუხობთ, ეს ადამიანები დაიღალნენ... აქვე გეტყვით, როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს; თვითონ პირიქით ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა?! როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურებული იქნება... დაასრულონ ერთხელ და სამუდამოდ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.