სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ მარკ შმიცს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრისას ისაუბრა უწყების მნიშვნელოვან როლზე კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ეფექტური და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფაში. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს, მუშაობს ფუნდამენტური პრინციპების დაცვით, როგორებიცაა კანონიერება, პროპორციულობა, მხარეთა ინტერესების ბალანსი, გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერება.
მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრას, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილი და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების მხარდაჭერაა.
უწყებათშორის შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია, 1-წლიანი სამოქმედო გეგმა და 9 დარგობრივი რეგლამენტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტები, რომლებიც მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება, კოორდინატორმა უწყებამ - იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკოორდინაციო საბჭოს წევრ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი რეგულაციები სივრცითი მონაცემების წარმოებისა და გაზიარების ერთიან სტანდარტს დაადგენს. შედეგად, სხვადასხვა უწყების მონაცემები ერთმანეთთან თავსებადი იქნება, რაც გამორიცხავს დუბლირებას და დაზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მონაცემები თავსებადი იქნება ევროკავშირის სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან (INSPIRE) და მარტივად გაზიარდება ეროვნული გეოპორტალის საშუალებით.
რეფორმის მიზანი სივრცითი მონაცემების მართვისა და გაზიარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა. ამ პროცესში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი — NSDI.GOV.GE შექმნა. ეროვნულ გეოპორტალზე უკვე განთავსებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია 30-მდე უწყების 160-ზე მეტი მეტამონაცემი.
ზუსტი გეოგრაფიული მონაცემები სახელმწიფო და კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბიზნესის დასაგეგმად, ისე კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის.
Geo
Eng