ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
გაზიარება

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მუშაობას სასესიო ფორმატში აგრძელებს

პანელურ დისკუსიებში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა და სხვ.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის. ფორუმი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.

ღონისძების მონაწილეები პანელურ დისკუსიებზე, სამუშაო სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ფორუმი 25 ივნისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.