ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 26 მაისი, 2023
გაზიარება

რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი

იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა.

იუსტიციის სამინისტრო ჰააგის კონფერენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში დაიცვან სამართლებრივი ინტერესები, როგორიცაა, სხვებს შორის, ოფიციალური დოკუმენტების მიღება და ჩაბარება; სასამართლო დავების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; საოჯახო დავების შემთხვევაში ბავშვთა ინტერესების დაცვა.

ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან.

კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იუსტიციის სამინისტრომ ზუგდიდში აღნიშნა

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების შეიარაღების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენები, ეროვნული არქივის ინსტალაციები; გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში; მიეღოთ სიმბოლური პასპორტები; დაბადებისა და ქორწინების მოწმობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულთა ნამუშევრებისა და „რე-მარკეტის“ გამოფენა-გაყიდვა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, სიმბოლურად აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიება კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

1700 წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

ეს დღე ჩვენია!

გაზიარება
ბეჭდვა

პაატა სალიამ მთავრობის წევრებთან ერთად სამების ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.

პაატა სალიამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.