ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 17 ივნისი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კვირაში ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებში გაატარონ. მაგისტრანტებს პენიტენციური დაწესებულებები, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ უმასპინძლებენ.

იუსტიციის სამინისტრო დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს სტუდენტების ვიზიტებს სამინისტროს სისტემაში და ამ ფორმით ჩაერთვება სასწავლო პროცესში. რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობაა, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მსგავსი მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.