ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 28 ივნისი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა ევროკაშირთან სამართლებრივი დაახლოების შესახებ.

მონაწილეებმა განიხილეს დეპარტამენტის მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები ევროკავშირის სამეწარმეო სამართალთან შემდგომი დაახლოების მიზნით. კერძოდ, დისკუსია გაიმართა აქციონერთა უფლებებების შესახებ 2017/828 და ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების შესახებ 2019/1151 დირექტივების ტრანსპოზიციასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე შეფასდა ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის დონე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მეშვეობით, ახორციელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების აღრიცხვასა და მუდმივ მონიტორინგს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოახლოებული არჩევნები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სანოტარო სფეროს განვითარების სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სანოტარო სფეროს ციფრული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.