ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 22 მარტი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და გიორგი დგებუაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNICEF-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

საუბარი შეეხო სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განვითარებას და ამ კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.

იესპერ მოლერმა იუსტიციის სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ციფრულ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს.

იუსტიციის მინისტრმა ჩინელი კოლეგა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული ინოვაციური პროექტები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისში გაიმართება და 500-მდე მაღალი დონის სტუმარსა და დარგის ექსპერტს უმასპინძლებს.

საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ საჯარო მომსახურებების რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით მიაღწია. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდოზე სამ ინოვაციურ პროექტს წარადგენს: იუსტიციის სახლებს, ProbBox-ს და Re-Market-ს. პაატა სალიას განცხადებით, ამ ინოვაციების მიზანი მოქალაქეებისთვის ინკლუზიური და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას საჯარო მმართველობის რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.