სიახლეები

იუსტიციის მინისტრის მოადგილეები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და გიორგი დგებუაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა UNICEF-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
საუბარი შეეხო სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების განვითარებას და ამ კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს.
იესპერ მოლერმა იუსტიციის სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატა.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng