ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 30 ოქტომბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „არავის გვეშინია და მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს“

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მკაცრად აფრთხილებს ყველას, ვინც პატიმარ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელშეშლას გეგმავს, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ – თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“.

მისივე თქმით, პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც:

„აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც. ჩვენ აბსოლუტურად არავისი გვეშინია. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ტყუილად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ამით მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან პასუხისმგებელნი კანონის წინაშე და მკაცრად ვაფრთხილებ“.

მან, ასევე, ისაუბრა სამინისტროს საპასუხო ნაბიჯზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს იტყვის.

„არსებობს დადგენილი წესები და ვიმოქმედებთ ყველა დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვიცავთ და ვემსახურებით ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის აღსრულებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ფილიალის საქმიანობის, მოქალაქეთა მომსახურების პროცესისა და ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაზე.

პაატა სალიამ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის, სწრაფი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

შეხვედრაზე თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ, წარმოედგინათ ინიციატივები და ემსჯელათ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხვდებათ.

ბათუმის იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ფილიალია და ყოველდღიურად მოქალაქეებს მრავალფეროვან სახელმწიფო სერვისებს აწვდის.

გაზიარება
ბეჭდვა

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება

იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება.